ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია უქმდება. ამ თემაზე დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მიზანი ეროვნული ინტერესების დაცვაა. აქცენტს აკეთებენ ინიციატივის მნიშვნელობაზე და "ნაციონალური მოძრაობის" ბრალეულობაზე საუბრობენ. ოპოზიცია ცვლილებას სკეპტიკურად უყურებს.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და მათ შორის მთავარია - რატომ ახლა?
"ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. განსაკუთრებით ბევრი კითხვის ნიშანია იმასთან დაკავშირებით, რატომ ახლა. ხომ არ დაკარგავს საქართველო, მაგალითად: საკუთარ პოზიციებს იგივე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ტერმინთან დაკავშირებით, ჩვენ აბსოლუტურად მივესალმებოდით, მაგალითად: ჩვენი ინიციატივა იქნებოდა, მაგალითად სახელის შეცვლა და, სამხრეთ ოსეთის ნაცვლად, სამაჩაბლოს გამოყენება, რადგან ეს რეალურად ასახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ინტერესებს", - განაცხადა შარაშიძემ.
