მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა წერილი, რომელიც პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ ციხეში ევროკავშირის ელჩის ოფისისგან მიიღო. წერილს ხელს ელჩის ლატვიელი მოადგილე აწერს. ეს არის მისი პირადი ინიციატივა თუ საელჩოს პოზიცია, იყო თუ არა პეტერ ფიშერი საქმის კურსში პატიმრისთვის წერილის გაგზავნის შესახებ? ამ კითხვებით, "კურიერმა" ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართა.
წერილი ორგანიზაცია "დაფიონმა" გუშინ გამოაქვეყნა. ის 29 სექტემბრით თარიღდება. 4 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ციხეში გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ევროკავშირის დელეგაცია ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს.
"ქართულ ოცნებაში" რადიკალიზმის წახალისებაზე საუბრობენ. დიპლომატებს ახსენებენ, რომ ზვიად ცეცხლაძე თბილისში მაიდანის სცენარის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობისგან არაფერი უკვირს.
"ევროკავშირის წარმომადგენლისგან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს, მას შემდეგ რაც ეს ადამიანი პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში იყო 2024 წელს ჩართული, საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ დამნაშავე ადამიანს სწერს წერილს და ცდილობს ძალადობის წახალისებას. ამ ადამიანს მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენელი და ახლა დუმს იმ ქმედებებზე, რომელიც 4 ოქტომბერს მოხდა,"- აცხადებს გორდულაძე.
