Eagle Hills-ის 6.6-ს მილიარდიანი ინვესტიციასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას, მმართველ გუნდში პასუხობენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ლელოს," "პატრიოტთა ალიანსისა" და "ალტ-ინფოს" მოსაზრებები არასერიოზულია და მანიპულაციურთან ერთად, ქსენოფობიური განცხადებები კეთდება.
"არაფერი აღარ არის მათგან გასაკვირი, უბრალოდ სამწუხაროა, რომ თავის დროზე ისე პოზიციონირებდნენ, რომ წარმოადგენდნენ კონსტრუქციულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, [თუმცა] გადაიქცნენ იაფფასიან პროპაგანდისტებად, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან. რაც მთავარია, ემოციებზე თამაშით, აქ არგუმენტირებულ კრიტიკაზე საუბარი ზედმეტია. აქ არის ჩვეულებრივი ემოციები, სიტყვების სროლა იმ თემებზე, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის. სწორედ ამიტომ იყენებენ ადამიანების ემოციებს. პასუხიც კი იმდენად ღიმილის მომგვრელია, რა თქმა უნდა, არაა. არანაირი მეჩეთი და ქალაქების აშენება, არაფერი ამდაგვარი არ იგეგმება. ერთადერთი, რაც იგეგმება ამ ადგილზე, ეს არის კომერციული სივრცეები, სასტუმროები, სახლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისა და ქართული კომპანიების მიერ იქნება აშენებული," - აღნიშნა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
"ლელოს" უკვე რამდენიმე დღეა კამპანია აქვს დაწყებული პროექტის წინააღმდეგ და საგანგებოდ ასპონსორებს Facebook პოსტებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი "ღამის კურიერის" ეთერში ამტკიცებდა, რომ ახალ დასახლებებში მეჩეთებიც აშენდება. "არავითარი მეჩეთების აშენება არ იგეგმება" - ასეთია პრემიერის პასუხი.
