თბილისის პროკურატურაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის უფროსი, გიორგი ჭოლაძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
ჭოლაძე საგამოძიებო უწყებაში გიორგი გახარიას საქმეზე დაიბარეს. მან ჩვენება 2019 წლის 20 ივნისის აქციის საქმესთან დაკავშირებით მისცა.
ჭოლაძის განცხადებით, ბრძანებებს პარლამენტის შენობიდან შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი გახარია გასცემდა. მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში აქციის მიმდინარეობის პარალელურად გერმანიის ელჩი იმყოფებოდა.
"მთელი პროცესის განმავლობაში იქ ვიყავი, ერთი ოთახი იყო იქ მხოლოდ, სადაც იჯდა გერმანიის ელჩიც, ზოგი ფეხზე იდგა, ზოგი იჯდა, დეპუტატები, მე. იყო მოსასვენებელი ოთახი, საიდანაც მაშინდელი შს მინისტრი გასცემდა ბრძანებებს.
მე პირადად ეს ვუთხარი, რომ მისი იქ ყოფნა იყო კატეგორიულად მიუღებელი. კიდე გავიმეორებ ვენის კონვენციას მიმღები სახელმწიფო ვალდებულია, უბრალოდ ვალდებულია უზრუნველყოს ელჩის უსაფრთხოება.
ოპერატიულ ნაწილს რაც შეეხება, ის არავის არ უზიარებდა, თავად იღებდა ამ გადაწყვეტილებებს. ნორმალური პროცესია, როდესაც მინისტრი პრემიერ-მინისტრს ეუბნება კონკრეტულ შინაარსთან დაკავშირებით რა უნდა ისაუბროს. არ შეიძლება პრემიერმა უკეთესად იცოდეს კონკრეტული ოპერატიული ღონისძიების მიმდინარეობა,"- აცხადებს ჭოლაძე.
