აღიარება რომ ევროკომისია ენჯეოების დასახმარებლად კანონის დარღვევის გზებს ეძებს - ასე აფასებს "ქართული ოცნება" მარტა კოსის განცხადებას.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა თქვა, რომ "საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, ვის მივცემთ ფულს და ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ ისინი არ დაზიანდნენ".

კოსის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, საქართველოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, მარტა კოსის სკანდალური განცხადება, ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენებაა, რომ ისინი ეძებენ კანონის გვერდის ავლის გზებს, რათა საქართველოში მოხდეს ექსტრემიზმის დაფინანსება.

"ეს არის სკანდალური განცხადება, ვინაიდან ევროკომისარი პირდაპირ აღიარებს, რომ თურმე ეძებენ კანონის გვერდის ავლის გზებს, რათა მოხდეს დაფინანსება. დაფინანსება არა სამოქალაქო საზოგადოების, არამედ აგენტურული ქსელის და ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში ძალადობის, ექსტრემიზმის და შიდა ტერორიზმის დასპონსორება, რაც დაუშვებელია. ფაქტობრივად, ამის აღიარებით ჩვენებას იძლევა, მაგრამ აქედან ისინიც ჩანს, რომ დღეს, ჩვენი ხელისუფლების მიერ, ჩვენი ქვეყნის სუვერენული ინტერესები არის დაცული, ქართული დემოკრატია არის დაცული და როგორც არ უნდა ეცადონ, ამ ქვეყნის შიდა თუ გარე აქტორები, ძირი გამოუთხარონ ჩვენს სახელმწიფოსა და სუვერენიტეტს, ამას ვერასდროს ვერ შეძლებენ და არ არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში ისეთი შავი ხვრელები, სადაც ისინი ხელს მოითბობენ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.