საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში, მედიასთან, საქართველოზე ისაუბრა და თქვა, რომ მხარს უჭერს ქართველი ხალხის თავდადებას დემოკრატიის მიმართ და რომ ჰქონდა შესაძლებლობა, ქვეყნის ხელისუფლებასთან საკუთარი აზრი პირადად გამოეხატა.
განცხადება ჟან ნოელ ბარომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის შეფასებით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება პოლიტიკური შეცდომაა და სჯობს, საქართველოს შეხედონ არა როგორც დაპირისპირებული მხარეს, არამედ როგორც პარტნიორს.
"ახალი აქ არაფერი არ არის. ჩვენი აზრით, ეს არის პოლიტიკური შეცდომა, მოსახლეობას წარმოადგენს არჩეული ხელისუფლება და თუკი რაიმე აქვთ სალაპარაკო, უნდა ესაუბრონ საქართველოს ხელისუფლებას. შეუძლიათ მოსახლეობასთანაც საუბარი სხვადასხვა ხაზით, მაგრამ თუკი რაიმე კითხვა აქვთ, უნდა ესაუბრონ საქართველოს ხელისუფლებას. მაგრამ, ეს ხაზი ჩვენ უკვე ვნახეთ, დაახლოებით წინა არჩევნების შემდეგ ვაკვირდებით ამ ხაზს. ჩვენი აზრით, ეს არის სერიოზული გეოპოლიტიკური შეცდომა, რომელსაც უშვებს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო საქართველოსთან მიმართებაში.
საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი არის ისტორიულად დაბალ ნიშნულზე ჩამოსული. ეს ბევრისთვის უნდა იყოს მაჩვენებელი, რომ რაღაცას საფრანგეთის ხელისუფლება არ აკეთებს სწორად. სჯობს, საკუთარ მოსახლეობაზე იზრუნონ უკეთ და საქართველო დაინახონ არა როგორც დაპირისპირებული მხარე, არამედ როგორც პარტნიორი", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
