ჯონდი ბაღათურია და საინიციატივო ჯგუფის წევრები, NAT0-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ. მათ ინიციატივით მთავრობას მიმართეს.

დოკუმენტი, რომელსაც ხელს საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებიც, მათ შორის, დავით ოსეფაშვილი და კახაბერ მაისურაძე აწერენ, მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე დარეგისტრირდა.

მათი განცხადებით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ქართულმა საზოგადოებამ თავად უნდა მიიღოს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მივმართოთ პრემიერ-მინისტრს, მოწვეულ იქნეს საყოველთაო-სახალხო პლებისციტი შეკითხვით - გინდათ თუ არა გაწევრიანება ევროკავშირში და გსურთ თუ არა გაწევრიანება NATO-ში? ეს ახალი ობიექტური რეალობაა. ჩვენ ვნახეთ NATO-ში გაწევრიანების სურვილმა რა შედეგები მოუტანა უკრაინას. ჩვენ ვხედავთ, როგორი "მადლიერებით" დააფასა ევროკავშირმა და NATO-მ საქართველოს ერთგულება და ის თავგანწირვა, რომელიც საქართველომ ამ 35 წლის განმავლობაში გაიარა. შესაბამისად, დაე, ხალხმა გადაწყვიტოს", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.