ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომელთა აკრძალვაზეც საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს, რამდენიმე დღეა ბათუმში აქციას აანონსებდნენ, თუმცა დღეს სასამართლოსთან მათი მხარდამჭერების მხოლოდ მცირე რაოდენობა შეიკრიბა.
მმართველი გუნდის შეფასებით, დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის განცხადება, თითქოს მათი აკრძალვით ათასობით ამომრჩევლის უფლებები იზღუდება, სიმართლეს არ შეესაბამება და, რეალურად, ოპოზიციას ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია იმ მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობს, რომელიც, სინამდვილეში, არ ჰყავს.
"მერამდენედ უნდა ჩაუვარდეთ კოვზი ნაცარში რადიკალებს, მეხუთე კოლონას? მერამდენედ აანონსებენ ამ "სოლიდურ აქციებს", ფიქრობენ, ცდილობენ, მოაგროვონ მხარდამჭერები, მაგრამ როგორ შეძლებენ იმ მხარდამჭერების მოგროვებას, რომლებიც მათ არ ჰყავთ? არ ჰყავთ არანაირი მხარდამჭერები. ეს საკითხი, პრინციპში, დაადასტურა კიდეც IRI-ს იმ კვლევამ, რომელიც გამჟღავნდა ცოტა ხნის წინ და გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, სადაც ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას საერთოდ პულსიც არ ესინჯება პოლიტიკური და თუკი შევადარებთ თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ მიერ აღებული ხმების რაოდენობას, აქაც აქვთ ძალიან დიდი რეგრესი - ნული ან ნულთან ძალიან ახლოს მხარდაჭერა.
სწორედ ამის გამოხატულება და ამის დასტურია ის, რომ რამდენიმე ადამიანი დადის საკონსტიტუციო სასამართლოს წინ დღეს ბათუმში, რაც კიდევ ერთი უტყუარი დასტურია ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის სიზუსტისა", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
