მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა წერილი, რომელიც პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ ციხეში ევროკავშირის ელჩის ოფისისგან მიიღო. წერილს ხელს ელჩის ლატვიელი მოადგილე აწერს. ეს არის მისი პირადი ინიციატივა თუ საელჩოს პოზიცია, იყო თუ არა პეტერ ფიშერი საქმის კურსში პატიმრისთვის წერილის გაგზავნის შესახებ? ამ კითხვებით "კურიერმა" ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართა.

წერილი ორგანიზაცია დაფიონმა გუშინ გამოაქვეყნა. ის 29 სექტემბრით თარიღდება. 4 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ციხეში გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ევროკავშირის დელეგაცია ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს.

"ქართულ ოცნებაში" რადიკალიზმის წახალისებაზე საუბრობენ. დიპლომატებს ახსენებენ, რომ ზვიად ცეცხლაძე თბილისში მაიდანის სცენარის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

პარტია"ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ყველა ელოდება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

"ეს ადამიანები არ არიან კანონიერ და ლეგიტიმურ პატიმრობაში, მთელი მსოფლიო გულშემატკივრობს ყველა პოლიტპატიმარს და მოელის იმ დღეს, როდესაც ისინი გათავისუფლდებიან," - აცხადებს გეგელია.