თბილისში, ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა შტატებისა და თავად ევროპელი ლიდერების ნაწილის კრიტიკა ბრიუსელის მისამართით.
ევროკავშირის მიმართ შტატების ტონი კიდევ უფრო მკაცრდება. ამერიკის ეროვნულ სტრატეგიაში გაჟღერებული კრიტიკული გზავნილების შემდეგ, რომელშიც ევროკავშირში არსებულ კრიზისზეა საუბარი, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ევროპა არ შეიცვლება, ის დასუსტდება.
ტრამპის ადმინისტრაცია ევრობიუროკრატების პოლიტიკას ეწინააღმდეგება, ევროკომისია კი პრობლემებს არ აღიარებს და ვაშინგტონის კრიტიკას შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევს. ევროპის გარდაუვალ ცვლილებებზე ღია გზავნილები ისმის თავად ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების, ექსპერტებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც.
თბილისში კი ამბობენ, რომ საქართველოში უკვე დიდი ხანია საუბრობენ ბრიუსელში არსებულ პრობლემებზე, რაზეც ახლა თავად ევროკავშირის ლიდერების ნაწილი და ტრამპის ადმინისტრაცია მიუთითებს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განმარტებით, ის პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებდა, სახელმწიფოთა ამ გაერთიანებას აუცილებლად კრახამდე მიიყვანს.
"ის პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებდა, აუცილებლად, ამ სახელმწიფოთა გაერთიანებას კრახამდე მიიყვანს. ეს არის იდეოლოგიური, ღირებულებითი კრახი და ამის შესახებ შეერთებული შტატების განახლებულ სტრატეგიაში პირდაპირ იქნა მითითებული. არაერთგზის იყო აღნიშნული, როგორ შეერთებული შტატების, ასევე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან სწორედ ეს, ძალიან არასწორი და საკუთარი თავის დამაზიანებელი პოლიტიკური ქმედებები, რომელიც არის ევროკავშირის შიგნით. არ იღებენ კრიტიკას და, ბუნებრივია, იმიტომაც არ იღებენ, რომ მათ პრაქტიკულად მოუწევთ აღიარება ყველაფერი იმ მდარე, არასწორი და საკუთარი თავის დამანგრეველი პოლიტიკის, რომელსაც ბოლო პერიოდია აწარმოებენ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
