მიუნხენის პროკურატურის ინფორმაციით, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ხუთი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გერმანიის ხელისუფლების ცნობით, ჩაშლილი შეთქმულება მიზნად ისახავდა სამხრეთ გერმანიის ფედერაციაში, ბავარიაში, დინგოლფინგის რაიონში მდებარე საშობაო ბაზრობაზე თავდასხმას. სამიზნე ბაზრის ზუსტი სახელი ჯერ არ არის დადგენილი.

გერმანიის ხელისუფლება ეჭვობს, რომ თავდასხმის გეგმები ისლამისტური იყო და ის ავტომობილით უნდა განხორციელებულიყო. ეჭვმიტანილებს შორის არიან 56 წლის ეგვიპტელი, 37 წლის სირიელი და სამი მაროკოელი, ისინი 22, 28 და 30 წლის არიან.

მედიის ინფორმაციით, 5-კაციანი ჯგუფის ლიდერი 56 წლის ეგვიპტელი იყო, რომელიც თანამოაზრეებს საშობაო ბაზრობაზე თავდასხმისკენ მოუწოდებდა.

"ჩვენი უსაფრთხოების ძალების შესანიშნავი თანამშრომლობის წყალობით, რამდენიმე ეჭვმიტანილი სწრაფად დავაკავეთ, რამაც ბავარიაში ისლამისტური მოტივით შესაძლო თავდასხმა აღიკვეთა", - განაცხადა ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იოახიმ ჰერმანმა.