დღეს რადიკალური ოპოზიცია არის ჩიხში, ვინაიდან, ფაქტობრივად, აქვთ ორი გზა და ერთი მეორეზე უარესია. გავლენ არჩევნებზე და დამარცხდებიან, არ გავლენ არჩევნებზე და დამარცხდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციისთვის ორივე გზა პოლიტიკური მარცხია.

"ერთ შემთხვევაში, დამარცხდებიან არჩევნებში, მეორე შემთხვევაში – დამარცხდებიან არჩევნების შედეგად პოლიტიკურად. მათთვის ორივე გზა პოლიტიკური მარცხია. ამიტომ, ეს არის დილემა მათთვის და რაც მთავარია, ეს არის დილემა მათი დამკვეთებისთვის. ისინი ვერ გარკვეულან. ვხედავთ, რომ არის არა ანალიზის შედეგი, არამედ ჩვეულებრივი აზარტული თამაშის სტილში მოქმედებენ მათი უცხოელი პატრონები. წითელზეც და შავზეც უნდათ, დადონ. გაყვეს ოთხი ბარიერგადალახული პარტია, ორი იღებს მონაწილეობას, ორი არ იღებს და ფიქრობენ, რომ იქნებ რომელიღაც ფსონმა გაამართლოს. საქმე იმაშია, რომ ამ ყველაფერში ნული აქვთ შანსი და ნული იქნება მათი შედეგიც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.