მუხტის აწევის მცდელობა დეზინფორმაციით - არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან მორიგ "ფეიკ" კამპანიაზე საუბრობს.

მათი განცხადებით, ოპონენტები ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მიზნით, ყველა გზას იყენებენ, მათ შორის, ავრცელებენ ე.წ. საიდუმლო გეგმებს და სიებს, რომელშიც ხანდაზმული პირები, ქალები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გარდაცვლილი თანამშრომლებიც არიან.

გავრცელებულ მასალებშია წლების წინ ჩაწერილი ინტერვიუები და ცესკოს ძველი სიაც იმ უბნებისთვის, სადაც ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ხმებს აძლევდნენ.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ თაღლითობის უნარიც დაკარგა.

"საარჩევნო სიიდან არის გამოტანილი, იმის ჭკუაც არ ეყოთ, რომ გდდ-ს სპეციაში საარჩევნო უბანი მისი საცხოვრებელი ადგილით არ იქნებოდა მითითებული. თაღლითობის უნარიც დაკარგეს.

თუნდაც, ვთქვათ, ის 30% იყოს სიმართლე, ეს ხომ არის გამჟღავნება იმ ადამიანების, ვინც ყოველდღიურად ებრძვიან ტერორიზმს. მათ უნდათ შექმნან ილუზია, რომ სახელმწიფოებრიობა საქართველოში შერყეულია, მოშლილია და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ილუზია გაამართლებს შეცდნენ. ისინი ამ რევოლუციური სცენარის მონაწილეები არიან, ელისაშვილმა არც დამალა და დროზე ადრე გაყიდა და გაამჟღავნა კარტები, ამიტომ ამ რევოლუციურ სცენარში "დიფ სთეითის" დავალებით ამ საარჩევნო სიებსაც გამოაქვეყნებდნენ", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.