პარლამენტის თავმჯდომარემ, მედიასთან, ევროკომისიის ანგარიშზე ისაუბრა - შალვა პაპუაშვილი ეკონომიკურ ზრდას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს.
მისი განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი ბრიუსელის რჩევების უგულებელყოფაა, რამაც საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებელი დადებით ნიშნულამდე მიიყვანა.
"მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარების ნაწილში, რა თქმა უნდა, ტრენდები. ვნახეთ, მაშინ, როდესაც საქართველოს შემთხვევაში გაზარდა ეკონომიური ზრდის პროგნოზი ევროკომისიამ, მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში შეამცირა და ეს არის ზუსტად პირდაპირი ახსნა იმისა, რა ჯობია - დავუჯეროთ ბრიუსელს, თუ არ დავუჯეროთ ბრიუსელს.
უკრაინის შემთხვევაში, გასაგებია, რომ ომი ბევრ რამეს ხსნის, მაგრამ მოლდოვის შემთხვევაში აქ ვხედავთ, ნიშნისმოგებით რომ გველაპარაკება ხან ევროკავშირის ელჩი და ხან ევროკომისიის წარმომადგენლები, რომ მოლდოვა მეტ სიკეთეს მიიღებს, ვიდრე საქართველო და რაში გამოიხატება ეს სიკეთე, რომ ის დაბალი პროგნოზი, რომელიც ჰქონდათ 2%-ის გარშემო, ისიც კი დაუწიეს, რადგან არასწორ რჩევებს აძლევენ, არასწორ მითითებებს აძლევენ და, რაც მთავარია, აზიანებენ, მათ შორის საკუთარი რჩევებით, მოლდოვას.
მე დავწერე ამასთან დაკავშირებით კიდევაც, 2021 წელს, სანამ დაიწყებოდა უკრაინაში ომი, მოლდოვაში 1 კუბური გაზი მოლდოვაში ღირდა 65 თეთრი, რომ გამოვიანგარიშოთ, საქართველოში - 56 თეთრი, 2021 წელს ომის დაწყებამდე. დღეს მოლდოვაში გაზი 1 კუბური მეტრი, მომხმარებლისთვის, ღირს 3 ლარი და 65 თეთრი, საქართველოში ისევ 56 თეთრია, შვიდჯერ გაიზარდა მოლდოვაში გაზის ფასი და იმის გამო სწორედ, რომ ბრიუსელის მითითებებს მიჰყვებიან ზრუნავენ არა იმაზე, რომ ჰქონდეთ რაც შეიძლება იაფი ენერგომატარებლები და აქედან გამომდინარე დაბალ ფასები, არამედ როგორმე მიიღონ დადებითი შეფასებები ბრიუსელიდან.
აქედან მარტივი დასკვნა: რაც უფრო გაქებს ბრიუსელი, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებ შენი ხალხისთვის და ჩვენთვის ეს არის სწორედაც რომ ტესტი, რაც უფრო მეტად შეგვაქებს ბრიუსელი, ჩვენ უნდა კითხვა დავსვათ, ესე იგი ჩვენ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც უფრო გაგვაკრიტიკებს ბრიუსელი და მისი ელჩი, ესე იგი სწორად ვიქცევით და ჩვენი ხალხი აქედან მოგებაში იქნება", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ევროკომისია 2027 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას პროგნოზირებს. 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 5.4%-ის დონეზეა მოსალოდნელი, თუმცა არსებული ინფლაციური წნეხის ეტაპობრივი შემცირების შედეგად ფასების ზრდის ტემპი მომდევნო წელს უნდა შენელდეს.
