აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბიმ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი იარაღით განხორციელებული დარტყმების კამპანიის გამო გააკრიტიკა. ეს კიევისთვის მორიგი დარტყმაა იმ ფონზე, როდესაც უკრაინა მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში საკუთარი პოზიციების გამყარებას ცდილობს, - წერს გამოცემა POLITICO.

მედიის ინფორმაციით, კოლბის განცხადებები იმ შეხვედრაზე გაკეთდა, რომლის მთავარი მიზანი უკრაინისთვის დამატებითი მხარდაჭერის მოპოვება იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ საჯარო დისკუსიებში ყურადღება გამახვილებულია შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების სანახაობრივ მხარეზე, რომელთა მიზანიც რუსეთის მოსახლეობისთვის ტანჯვის მიყენებაა, ჩვენი შეფასებით, ასეთი დარტყმები არაეფექტურია... ამასთან, ისინი არც ფრონტის ხაზზე რუსეთის წინსვლის შეჩერებას უწყობს ხელს“, - განაცხადა კოლბიმ ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე.

კოლბის თქმით, ასეთი დარტყმები რუსეთის მხრიდან ესკალაციის პროვოცირებას ახდენს.

„ასეთმა დარტყმებმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურისკენ არის მიმართული, შესაძლოა, პირიქით, კიდევ უფრო გააძლიერა რუსეთის მოსახლეობის წინააღმდეგობის განწყობა და კრემლის მზაობა, თავადაც გაამწვავოს ვითარება“, - განაცხადა მან და დასძინა: "შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების კუთხით უპირატესობა, შესაძლოა, მოსკოვის მხარეს იყოს“.

გამოცემის ცნობით, კოლბის განცხადებებს NATO-ში უკრაინის მოკავშირეებმა უპასუხეს და გააკრიტიკეს.