ვის სჭირდება რეალურად სახელმწიფოსგან შემწეობა? - ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს.
ზუსტი, განახლებული და გამჭვირვალე მონაცემები სისტემაში უახლოეს მომავალში აიტვირთება, მანამდე კი ირკვევა, რომ უკვე რეგისტრირებული 400 ათასამდე ოჯახიდან, ბევრს მაღალ შემოსავალთან ერთად, ძვირადღირებული ავტომანქანები ჰყავს.
ხელისუფლება კი ამბობს, რომ სამართლიანობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, მალე რეალური სურათიც გახდება ცნობილი. დახმარებას მიიღებენ მხოლოდ ის ოჯახები ვისაც ამის საჭიროება აქვს.
ჯანდაცვის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება და სოციალურად დაუცველთა ბაზის განახლების საკითხი იქნება, "რუსთავი 2-ზე", დებატების მთავარი თემაც.
ჯანდაცვის მინისტრი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ოპოზიცია და ექსპერტები - ერთმანეთის პირისპირ ხვალ, 22:00 საათზე დასხდებიან.
მანამდე კი, თემას ეხმაურება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, სოციალური შემწეობა უნდა ხმარდებოდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ამის საჭიროება ნამდვილად აქვთ და არა მათ, ვისაც მაღალი შემოსავალი უფიქსირდება.
"ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა კვლევა. ხშირად გვესმოდა, რომ სოციალურ შემწეობას იღებდნენ ის ოჯახები, რომლებსაც კარგი შემოსავალი ჰქონდა. ამ აზრმა გვიბიძგა იმისკენ, რომ ჩაგვეტარებინა კვლევა. გამოიკვეთა, რომ სოციალურ შემწეობას იღებს ბევრი ისეთი ოჯახი, რომლებსაც მაღალი შემოსავალი უფიქსირდებათ. ვფიქრობ, სახელმწიფომ ყაირათიანად უნდა ხარჯოს თანხა. სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა უნდა მოხმარდეს, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს და არა მათ, ვისაც სხვა შემოსავლები აქვს და ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ არიან", - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
