მმართველ გუნდში ევროკავშირის სტრატეგიასა და ევრობიუროკრატების განცხადებებს ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფად აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, მსგავსი მიდგომები ანტიდემოკრატიულია და ქვეყანაში ევროსკეპტიციზმს აღრმავებს.
ევრობიუროკრატიის მიერ დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფასა და საქართველოს პროქსი სახელმწიფოდ გამოყენების მცდელობაზე განცხადება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გააკეთა.
"საქართველოსთან დაკავშირებული მათი სტრატეგია ეს არის ქართველი ხალხის ნება-სურვილის უგულებელყოფა, საქართველოს გადაწყვეტილებების უგულებელყოფა და იქ, სადაც სრულიად სამარცხვინოდ ხაზს უსვამენ, რომ მათ სურთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა და არ აქვთ კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან, აქ ზუსტად ავლენენ იმ ანტიქართულ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას, რომელსაც სამწუხაროდ დღეს ევრობიუროკრატია ახორციელებს, რამეთუ სულ მცირე 1 200 000 საქართველოს მოქალაქის ნება და მათი გადაწყვეტილება არ არის საინტერესო ევრობიუროკრატიისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი, ელემენტარულად, დემოკრატიას არ აღიარებენ. ცხადზე ცხადია იმ გადაწყვეტილებების ელფერი და შინაარსი, რაც ევრობიუროკრატიას სურს საქართველოსთან მიმართებით - საქართველოს, როგორც ტერიტორიის გამოყენება, საქართველოს, როგორც პროქსი სახელმწიფოდ გამოყენება. ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად, პირდაპირ აჩქარებს და აღრმავებს საქართველოში ევროსკეპტიციზმს," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
