მოგიწოდებთ დააკვირდეთ, ვინ არიან ხოლმე ისინი, ვისი დაკავებაც ხდება პოლიციის მხრიდან, ესენი არიან ზუსტად საგამზირედ განწირული მსხვერპლები მათი ორგანიზატორების მხრიდან, ორგანიზატორები დგანან ტროტუარზე, ნაბიჯს არ დგამენ რუსთაველის გამზირზე, უცხოელი ორგანიზატორები კი ტრიბუნიდან საუბრობენ და აქეზებენ მათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში სუსტებს, მოწყვლადებსა და ემოციურად ამყოლებს სწირავენ იმისთვის, რომ დაარღვიონ კანონი.

"იმ ადამიანებს მივმართავ, ვინც ასე ცივსისხლიანად ჰყავს გაწირული ამ ანტიქართული კამპანიის ორგანიზატორებს ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან. ნინო ლომჯარიამ, როდესაც ვერ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი პირველ დღეს, ატეხა პანიკა სოცქსელში, მოდით ყველა, გადაკეტეთო და ფეხი არ გადადგა თვითონ რუსთაველის გამზირზე. ტროტუარიდან აკვირდებოდა ხალხი როგორ არღვევდა კანონს. ეს ადამიანები არიან მსხვერპლი ანტიქართული კამპანიისა, რომელიც გარედან იგეგმება და რომელსაც აქეზებენ. უნდათ, გარედან დაამკვიდრონ, რომ აქ აპარტეიდი იყოს და უმცირესობამ უკარნახოს თავისი ნება უმრავლესობას. მკაფიოა, რა უნდა ქართველ ხალხს, მკაფიოა, რა უნდათ დედაქალაქის მაცხოვრებლებს. თუ ვინმეს აქვს რაიმე სათქმელი, შესაკრები და გამოსახატავი, ამისთვის არსებობს ფორმები და მის ფარგლებში უნდა იყოს. ის რაც გუშინ ვიხილეთ, მათ შორის აბსოლუტურად მიუღებელი ქცევები, ეს აჩვენებს ზუსტად, რომ არის მცდელობა მარგინალიზებულმა, დამარცხებულმა, შერცხვენილმა უმცირესობამ, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა საკუთარი ისტერია თავს მოახვიოს მთლიან ქალაქს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გუშინ აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი ქალი პირადი პატიმარია იმ ადამიანების, ვინც მოძალადეების გაგმირებას ცდილობს.

"თუ გადახედავდით გუშინ X-ის და სხვა ინგლისურენოვან სოცმედიას ნახავდით, რომ ამ კადრებს ქმნიან იმისთვის, რათა შემდეგ ატეხონ ისტერია. თუმცა დღეს ისინი ჩავარდნილი არიან იმ მწყემსის როლში, რომელმაც იმდენჯერ იყვირა ტყუილად მგელი, მგელიო, რომ მათ არავინ უჯერებს, ვინც კი რეალურად აანალიზებს საქართველოს მდგომარეობას. რაც შეეხება მათ დამკვეთებს, მათ დიდი არაფრის ჩვენება არ სჭირდებათ. ამ ანგარიშებს ისედაც უგზავნიან ალბათ ჩატების მეშვეობით. გუშინ ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც პოლიციის მანქანაზე აძვრა, ასევე ტაქსის მძღოლს უძვრებოდა, ის დაკავებულია და მათ შორის სისხლის სამართლის წესით იქნა დაკავებული, 2-დან 4 წლამდე ემუქრება. ეს ადამიანი დღეს არის პირადი პატიმარი გუშინ ევროპარლამენტში სამარცხვინო სპექტაკლისა, რაც ჩვენ ვიხილეთ. როდესაც მოძალადეებს აგმირებენ. შემდეგ იღებენ ახალ მოძალადეებს. როგორც ლაზარე გრიგორიადისი გააგმირეს და ერთი მოლოტოვის კოქტეილის ნაცვლად, შემდეგ მივიღეთ ათი, ზუსტად ეს მოხდა გუშინ იმის გამო, რომ მოძალადეები გააგმირეს. ასე რომ, ეს ქალბატონი არის პირადი პატიმარი და მათი დამსახურებაა ზუსტად, რომ წააქეზეს დანაშაულისკენ, ჩაადენინეს დანაშაული. შემდეგ გამოვლენ ტრიბუნებზე, თბილად, პანელურ დისკუსიას ჩაატარებენ, ალბათ ამ ქალბატონის სურათს სადმე აჩვენებენ, აიღებენ გრანტებს, დალევენ ყავას, ექნებათ სალონური საუბარი. ეს ადამიანი, არ ვიცი მას პირადად რა დანაშაული მიუძღვის, მაგრამ გუშინ ითქვა, რომ სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული, როგორც წარიმართეს. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ასეთი მსხვერპლები მათ სჭირდებათ, რომ ჰქონდეთ შემდეგ დაფინანსება, ფული, თვითონ იდგნენ ტროტუარზე ნინო ლომჯარიასავით და იცხოვრონ ამ ადამიანების ხარჯზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.