4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმება ითხოვეს. ეს მოთხოვნა მათ სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე დააყენეს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ზოდელავამ და ბერიძემ ჩადენილი დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე კი საზოგადოებას ეცნობება.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ეს აჩვენებს, რომ ის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის წინააღმდეგ 4 ოქტომბერს მოაწყვეს, სრული ფიასკოთი დასრულდა.
"ეს გვიჩვენებს იმას, რომ ზოგადად ის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის წინააღმდეგ, რაც მოაწყვეს 4 ოქტომბერს, დასრულდა სრული ფიასკოთი. ანუ, პრინციპში, დასრულდა ისე, როგორც ეს ქართველ ხალხს უნდოდა და არა მარტო ასე ვთქვათ ქართულ სახელმწიფოს. ქართველ ხალხს უნდოდა, რომ ეს არ შემდგარიყო და კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ ამას, გრძნობენ ამას, ინანიებენ თავის ჩადენილ დანაშაულს და სახელმწიფოს მიმართავენ ასე ვთქვათ, ამ სასჯელის შემსუბუქებისათვის. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ის, ვინც გაათვითცნობიერებს, რომ მისი ქმედება იყო ანტისახელმწიფოებრივი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება მის მიმართ ლოიალური და უკვე ბევრმა ისარგებლა ამით. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება შემხვედრი ნაბიჯის გადამდგამი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
