თითქმის 4 საათი გაგრძელდა გია ხუხაშვილის გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. უწყებაში გამოძიება უცხო ქვეყნისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარეობს.

გია ხუხაშვილთან გამოძიებას კითხვები მის განცხადებაზე ჰქონდა, რომელიც რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, საფრთხესა და ტერაქტების შესაძლო სერიებს ეხებოდა.

"საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად, გუშინდელ ეთერს. მე ჩემს ანალიზში ვეყრდნობი საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას და ამის ფარგლებში ვსაუბრობდი. ეს აქაც დავადასტურე ბუნებრივია. მე რომ რაიმე სპეციფიკური მცოდნოდა, რა თქმა უნდა, ამაზე საჯაროდ არ ვისაუბრებდი.

საფრთხეები არის განცხადებებიდანაც, მაგრამ უფრო დიდი საფრთხეები არის ის, რაც ამ ომის ფონზეა მოსალოდნელი," - განაცხადა პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა სუს-ში გამოკითხვის შემდეგ.