საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძე საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა.
ახვლედიანმა ჟურნალისტებთან კომენტარი სასამართლოსთან გააკეთა, სადაც დღეს მისი პროცესი გაიმართა. მისი განმარტებით, თორნიკე რიჟვაძე უახლოეს დღეებში თვითონ უპასუხებს ჟურნალისტების კითხვებს.
"რამდენად არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, არის იქ ბევრი ნიუანსი, რის გამოც არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. ვნახოთ, სასამართლო დაადგენს ყველაფერს.
მე როგორც ვიცი, უახლოეს პერიოდში თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თითოეულ თქვენს შეკითხვას. აქედან გამომდინარე, მასთან დაკავშირებით მე ვერაფერს ვეღარ გეტყვით. მაქვს ინფორმაცია, რომ უშუალოდ თვითონ გიპასუხებთ კითხვებზე უმოკლეს პერიოდში", - განაცხადა ახვლედიანმა.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის საქმე, სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა. ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
