პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის და ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის და ჯგუფურად პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 16 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც პოლიციის ორმა თანამშრომელმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.

ადგილზე მისულმა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ბრალდებულის დაკავება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა სიცოცხლის მოსპობის მიზნით, ერთ-ერთ პოლიციელს ცული მოუქნია და სცადა თავში ჩაერტყა მისთვის, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან დაზარალებულმა თავზე აიფარა ხელი, რის გამოც ხელის არეში ჭრილობა მიიღო," - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.