ადვოკატი პაატა შავაძე საზოგადოებას შობა-ახალ წელს ულოცავს. მილოცვას ადვოკატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"2025 წელი ახალი ტრიუმფალური გამარჯვებებისა და მეტი გამამართლებელი განაჩენების წლად ცხადდება! გილოცავთ!
მოგვყევით, რწმენა არ დავკარგოთ , ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება!
შემობრძანდა ახალი 2025 წელი..
ახალ წელს ყოველთვის განსაკუთრებულად ვხვდებით: იმედით შევყურებთ, ოცნების ასრულებას ვთხოვთ და, რაც მთავარია, ქართული ტრადიციების შესაბამისად, განსაკუთრებულად საზეიმო განწყობით ვხვდებით! ახალი წლის შემობრძანების სადღესასწაულო ღამე ყველას გვაერთიანებს და სიყვარულით, იმედებით გვავსებს.
თითოეული ჩვენგანი, 2025 წელს ჩავუთქვამთ სურვილებს, თუმცა მანამდე, ვფიქრობთ ასევე ღირსეულად გავაცილოთ 2024 წელი, რომელიც სავსე იყო ემოციებით, მოვლენებით, გამოწვევებით, ვნებათაღელვით. წელი, რომელიც საქართველოს ისტორიაში თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს. ყველაზე მთავარი კი გახლდათ ის, რომ ამ წელმა კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა, ერთ მუშტად შეგვკრა და თავისუფლებისათვის, რეალური სუვერენიტეტისათვის, ქართული მაღალზნეობრივი იდეალებისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისათვის, ჩვენი რწმენისათვის ბრძოლის ჟინი გამოგვამჟღავნებინა.
გამარჯვების წელი გახლდათ...
ბევრი სიმწარეც განვიცადეთ, ბევრი ადამიანიც დავკარგეთ, თუმცა ქართველები აბა რის ქართველები ვართ, თუკი ჭირ-ვარამმა არ გაგვაერთიანა და ბრძოლის ჟინი არ გაგვიასკეცა?
ჩემთვის პირადად, როგორც ადვოკატისათვის, უფლედამცველისათვის 2024 წელი იყო განსაკუთრებული წარმატებებით დახუნძლული წელი, ჩვენი უშუალო ძალისხმევისა და ტიტანური შრომის შედეგად უკანონო მსჯავრდებას ხელიდან გამოვტაცეთ უამრავი უდანაშაულო ადამიანი და გზა გავუნათეთ მათ ნეტარი თავისუფლებისაკენ, მარტო 2024 წელს, ჩემი მონაწილებით საქართველოს საერთო სასამართლოებში დადგა 15 -მდე გამამართლებელი განაჩენი მძიმე, და განსაკუთრებით მძიმე ბრალდებებზე. უამრავი ადამიანის გული გავახარეთ, უამრავ ოჯახს დავუბრუნეთ მეუღლე, შვილი, მამა და ერთადერთი მარჩენალი, რომლებიც დღესაც განაგრძობენ ჩვეულად, სამშობლო საქართველოს სამსახურში ყოფნას და საზოგადოებრივ სასარგებლო შრომას.
სამართლიანობისათვის ბრძოლამ სწორედაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში შეიძინა აზრი და მნიშვნელობა! მე მინდა უდიდესი მადლობა ვუძღვნა თითოეულ იმ მოსამართლეს, რომლებმაც ირწმუნეს ჩვენი სიმართლისა და მთლიანობაში გაიზიარეს დაცვის მხარის არგუმენტირებული პოზიციები..(ქალბატონი თამარ ბეჟანიშვილი, ქალბატონი ქალბატონი მარინა სირაძე, ქალბატონი მარინა იმერლიშვილი, ქალბატონი ვერა დოლიძე, ქალბატონი მაკა გორგოძე, ბატონი ლევან ყოლბაია და სხვები.. გარდა სისხლის სამართლის საქმეებისა, მნიშვნელოვნად წარმატებული იყო პირადად ჩემთვის ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში მიღწეული ბრწყინვალე შედეგებიც..უამრავ ადამიანს დავუბრუნეთ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება, უამრავ მოქალაქეს დავუბრუნეთ მომავლის იმედი და და რწმენა და აღვუდგინეთ დარღვეული უფლებები და კანონიერი ინტერესები.აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვუძღვნი ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემს იურიდიულ კომპანიებსა და პირადად მე მანდო თავისი ბედი და უმრავლეს შემთხვევებში სასურველი შედეგიც მიიღო! ბრძოლა გრძელდება!!
მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ერი შეიძლება დიდხანს ითმენდეს უსამართლობას, შიშს, ძალადობას, მაგრამ დღითი დღე დგება დრო და ყველაფერს თავის საკადრის პასუხს აძლევს.
თუმცა მთავარი ახლა ეს არ არის, მთავარი ახლად გამწესებული მოსამართლეების წარმატებული მოღვაწეობაა, მათი წარმატების საწინდარი კი სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღებაა..
უაღრესად დადებით შეფასებას ვაძლევთ მე და ჩემი გუნდი ამ მნიშვნელოვან პროცესს, რომლითაც მსოფლიოს ვუჩვენეთ თუ როგორ შეგვიძლია ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, მშვიდობიან და კონკურენტუნარიან ატმოსფეროში გავაკეთოთ არჩევანი და საუკეთესოთა შორის ავირჩიოთ საუკეთესონი.
ყველას კარგად გვახსოვს 2012 წლის - 1 ოქტომბერი. დღე, როდესაც საარჩევნო უბნებთან ღამის თევით შევძელით ჩვენი ხმების დაცვა და ამით უარი ვუთხარით სიცრუისა და ძალადობის სისტემას, ასე მოხდება მომდევნო წლებშიც! ასე დამაჯერებლად გავიმარჯვეთ 2024 -შიც
დღეს მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ ყველას, ვინც ირწმუნა საკუთარი თავის, ირწმუნა საკუთარი ქვეყნის მომავლის, ირწმუნა საკუთარი ოცნების და აქამდე არნახული აქტიურობით უზრუნველყო ჩვენი საერთო და საბოლოო გამარჯვება.
საქართველომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა! გამარჯვების შემდეგ კი ყოველი ჩვენგანის ვალია, საკადრისი პასუხი გავცეთ მათ, ვინც ნებით თუ უნებლიეთ ემსახურებოდა სიცრუესა და ძალადობას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ვეღარ შეძლონ საზოგადოებაში ისევ იმ ადგილის დაკავება, რაც მათ კვლავ მისცემს საშუალებას, აამოქმედონ სიცრუისა და შიშის მანქანა. კოჰაბიტაცია, როგორც ყოველგვარი გაუგებრობის შემქმნელი მავნებლობა, ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ გვინდა , რომ დასრულდეს! ეს პროცესიც დაწყებულია და მისი მიმდინარეობაც თვალსაჩინო და ეფექტურია.
საქართველო ჩვენი სამშობლოა და ჩვენი მიზანი ქვეყნის გამთლიანება და გაძლიერებაა!
იწყება ახალი, უფრო რთული, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო ეტაპი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დემოკრატიისა და აღმშენებლობის გზით განვითარებისათვის.ჩვენ ღირსებით და ქართული საქართველოს იდენტობით შევაღებთ ევროპის კარს!
ეს გზა არ იქნება ადვილად სავალი, მთავარია, ჩვენ არ გადავუხვევთ იმ გზიდან, რასაც ჰქვია ქართული, მაღალზნეობრივი იდეალებისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების გზა!
დამეთანხმებით ალბათ რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა დაიწყოს ყველაზე მთავარი – კანონის უზენაესობის დამკვიდრება, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და სამართლის შერჩევითად გამოყენების სანაცვლოდ.
მე მიმაჩნია, რომ საქართველოში სამართლიანობის აღდგენის სრულიად გამჭვირვალე პროცესი, როგორც იქნა მიმდინარეობს! თუმცა ეს ზღვაში წვეთია იმ დაკვეთასთან, მიმართებით, რაც სახელმწიფო ხელისუფლებას მისცა 2012 წელს უსამართლობით დატანჯულმა ხალხმა!
2012 წლიდან დღემდე, ჩვენმა ხელისუფლებამ საზოგადოებას აჩვენა მთავარი პრიორიტეტები სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ, თუმცა ვერა და ვერ ხერხდება დღემდე, ამ პრიორიტეტული ღონისძიებების გეგმაზომიერი განხორციელება. არაერთხელ შეიცვალა ქვეყნის გენერალური პროკურორი თუმცა უცვლელი რჩება მისი აპარატი, არაფერი შეცვლილა ამ უწყებაში სამართლიანობის აღდგენა–დამკვიდრების კუთხით. იმედს ვიტოვებ, თქვენთან ერთად- მოქმედი ახალი გენერალური პროკურორი , ჩემი მეგობარი და ნიჭიერი კოლეგა,უსათუოდ იქნება საზოგადოების დაკვეთის შესრულების ნება-სურვილით აღჭურვილი მაღალი თანამდებობის პირი.
საქართველო უნდა გახდეს საინვესტიციოდ საინტერესო ქვეყანა, რაც მისი ეკონომიკურად გაძლიერების საფუძველს შექმნის. ქართულ საქართველოზე მორგებული, უცხოური გავლენისაგან თავისუფალი სამოქალაქო სექტორის გაძლიერება კი გარანატი უნდა გახდეს იმისა, რომ საქართველო არასოდეს აღარ დაუბრუნდება ძალადობისა და შიშის ეპოქას.
დიახ, ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა შევძლოთ კონსტრუქციული კრიტიკისა და თანამშრომლობის ფორმატში ისეთი ქვეყნის ჩამოყალიბება, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიჭერს თანამედროვე, საერთაშორისო თანამეგობრობაში.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ თითოეული ჩვენგანის და მთლიანად ქვეყნის კეთილდღეობაზე. ერთად დგომით, თანამშრომლობით, ზომიერი მიმტევებლობით უნდა ავაშენოთ საამაყო ქვეყანა.
მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის, ბრძოლისთვის და იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ერთად მოვიპოვეთ მარტო 2024 წლისათვის, სამართლიანობის აღდგენის მხრივ.
ამ რწმენით კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2025 წელს! და დამდეგ ქრისტესშობის ბრწყივალე დღესასწაულს!
ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვულოცავ ჩვენ საამაყო ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოსგან მოწყვეტილები საქართველოს სახელმწიფოს იცავენ!
ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, და მჯერა, რომ ჩვენ მოვძებნით ერთმანეთის გულებისკენ მიმავალ გზებს, აღვადგენთ ურთიერთობებს და საერთო მომავალზე ერთად ვიზრუნებთ.
ვულოცავ მთელ მსოფლიოში გაფანტულ ჩვენს ემიგრანტებს და ვუსურვებ სამშობლოში დაბრუნებას.
ვულოცავ ყველას, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა და ეთნიკური კუთვნილებისა!
ვულოცავ ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ქართულ სახელმწიფოს, სიმართლისათვის შეუპოვარ ბრძოლას, სამართლიანობის აღდგენას და იოტისოდენა ადგილიც კი აღარ დაუტოვა უსამართლობის გამარჯვებას!
ვულოცავ განსაცდელში მყოფ ქართველებს–ჩვენს პატიმრებს, რომლებიც შველას, სამართლიანობის აღდგენაში დახმარებას ელიან.
ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. მთავარია გვახსოვდეს, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ყველაფერს!
ჩვენ, ადვოკატებსაც გვჭირდება თანადგომა, თანადგომის ფონზე კი მე ვპირდები ყველა უფლება აყრილ ადამიანს, რომ ყველა მათგანს დავუბრუნებთ ნანატრ თავისუფლებას, ყველა მათგანს მოეხსნება უკანონოდ და დაუსაბუთებლად წარდგენილი ბრალდება თუ მსჯავრდება და 2025 წლისათვის კიდევ და კიდევ მეტი გამამართლებელი განაჩენი დადგება, კიდევ და კიდევ ბევრი ადამიანის გულს გავახარებ და კიდევ და კიდევ მეტი შემართებით ვიბრძოლებ სამართლიანობის დამკვიდრებისათვის!
ღიმილით შევეგებოთ ქრისტესშიბას, საქართველო ქრისტეს მადლიანი ქვეყანა და ღვთისმშობლის რჩეულია... გვქონდეს რწმენა იმისა, რომ ახალი წელი ჩვენი ოცნებების ასრულებას დაუდებს დასაბამს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და მჯერა, რომ 2025 წელი საქართველოსთვის მშვიდობისა და წინსვლის , სამართლიანობის დამკვიდრების, ახალ –ახალი გამარჯვებებისა და ულევი წარმატების წელიწადი იქნება!
გილოცავთ!
გულწრფელი სიყვარულით, თქვენი პაატა შავაძე",-  წერს ადვოკატი  პაატა შავაძე „ფეისბუქში“.