2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება. დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერმა აღნიშნული პროგრამის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
კახა კალაძემ მოუწოდა ისტორიულ არეალში ავარიულ შენობა-ნაგებობებში მცხოვრებლებს, რომ ისარგებლონ ჩანაცვლების პროგრამით.
"აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობეში მცხოვრები ადამიანებისთვის. მუნიციპალიტეტი გამოხატავს მზადყოფნას, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, გამოისყიდის საცხოვრებელ ფართებს ან თავად შეუძლიათ ინვესტორთან მოლაპარაკება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ინვესტორები დამატებით ვერაფერს ააშენებენ, თუმცა, შეგვიძლია მათ სხვა კონკრეტულ რაიონში მივცეთ შესაძლებლობა, რომ პროექტი განახორციელონ და გაღებული ხარჯი დააბალანსონ.
ყველას მოვუწოდებ აქტიურობისკენ. რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, ვინც მსგავს საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობს. ჩვენი მხრიდან ყველანაირად იქნება ხელშეწყობა. მიმდინარე წელს აღნიშნული მიმართულებისთვის 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

 
                          
     
  
  
  
  
  
  
  
  
         
     
     
     
    