ემოციურად ძალიან განადგურებულები ვართ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წავაგეთ. პენალტების სერია ერთგვარი ლატარიაა - ან იგებ ან აგებ, ამის შესახებ თამაშის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე "არსენალის" ფეხბურთელმა, დეკლან რაისმა განაცხადა.
"ემოციურად ძალიან განადგურებულები ვართ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წავაგეთ. პენალტების სერია ერთგვარი ლატარიაა - ან იგებ ან აგებ. ამ საღამოს კი, წაგებული მხარე ჩვენ აღმოვჩნდით, თუმცა ეს ერთი მატჩი არ განსაზღვრავს ჩვენს მთელს სეზონს. ჩვენ ერთმანეთით ვამაყობთ და ვამაყობთ იმ გზით, რომელიც აქამდე გამოვიარეთ. პრემიერ ლიგის მოგება ოცნების ახდენა იყო. ამ საღამოს, ამ წარმატებისთვის ჩემპიონთა ლიგის დამატება განსაკუთრებული მომენტი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა - ეს ფეხბურთია.
ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ. არაერთ დიდ ფეხბურთელს წლები დასჭირვებია ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტულის მოსაგებად, ფეხბურთი სწორედ ასეთია. დღეს წავაგეთ, მაგრამ ამ გამოცდილებას თან გავიყოლებთ და ვეცდებით, ეს ემოციები და განცდები, მომავალში, ამ ტურნირის მოსაგებად მოტივაციად ვაქციოთ. მოედანზე ვიგრძენით, რამდენად განსაკუთრებულია ეს წარმატება. ვხედავდით იმ თასს, ვხედავდით, როგორ სწევდნენ ისინი მას მაღლა. ჩვენ სწორედ ეს გვინდა, გვინდა ამ წარმატების მიღწევა", - განაცხადა "არსენალის" ფეხბურთელმა დეკლან რაისმა.
ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში, "პარი სენ-ჟერმენმა", ლონდონის "არსენალი" პენალტების სერიაში დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
თერთმეტმეტრიანების სერიამდე, მატჩის ძირითად დროში პირველი პენალტი ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა, რომელიც ოსმან დემბელემ შეასრულა და ანგარიში 1-1 გახდა.
