ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში, "პარი სენ-ჟერმენმა", ლონდონის "არსენალი" პენალტების სერიაში დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

თერთმეტმეტრიანების სერიამდე, მატჩის ძირითად დროში პირველი პენალტი ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა, რომელიც ოსმან დემბელემ შეასრულა და ანგარიში 1-1 გახდა.

ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, უბედნიერესია, რადგან მეორედ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება.

"მე-5 წუთზე გოლი გავუშვით. ასეთი მცველების წინააღმდეგ არ არის მარტივი, იმიტომ, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდნენ დაცვაში ჩამჯდარიყვნენ და 2-3 კაცი ჩვენი შემტევების წინააღმდეგ ერთმანეთს აზღვევდა. ძალიან რთული იყო, მაგრამ ვიპოვეთ მომენტი, პენალტიც ავიკიდე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა", - განაცხადა კვარაცხელიამ.

"პარი სენ-ჟერმენის" გამარჯვებაში საქართველოს ნაკრების კაპიტნის როლზე აქტიურად წერს უცხოური მედიაც: "ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს ისტორია შეცვალა", "ბრავო მხატვარო", "ასეა, როდესაც გუნდისთვის ყველაფერს აკეთებ" - წერენ უცხოური გამოცემები ქართველ ფეხბურთელზე.