ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა.

უკვე დასრულდა ტალღმტეხელის ძირში, დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ზღვის ფსკერის დაღრმავება და დაიწყო აკვატორიის (შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხი) დაღრმავებითი სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია Jan De Nul ჯგუფის ფლოტის დამღრმავებელი გემები - Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად ახორციელებენ.

ამჟამად ხმელეთის მხარეს ქვისა და ღორღის ჩაყრის/ტალღმტეხის საწყისი ტანის პირველი მონაკვეთი შენდება, რომლის დასრულების შემდგომ მშენებლობა ზღვაში გადაინაცვლებს. დაღრმავებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანაკლიის აკვატორიაში ზღვის ფსკერი დაახლოებით 17.5 მეტრამდე დაღრმავდება და აშენდება 1,376 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი.

17.5 მეტრიანი სიღრმე უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე მაღალი ტვირთამწეობის გემების მიღების შესაძლებლობას. 1,376 მ. სიგრძის მქონე ტალღმტეხელი შექმნის დაცულ აკვატორიას და უზრუნველყოფს ღრმაწყლოვანი საკონტეინერო ნავმისადგომების, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის ნავმისადგომების განვითარების შესაძლებლობას. საპროექტო გადაწყვეტა გათვლილია პორტის არანაკლებ 95%-იან წლიურ საოპერაციო ხელმისაწვდომობაზე.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოებზე უწყვეტ რეჟიმში გამოიყენება მძიმე საზღვაო და სამშენებლო ტექნიკა, ხოლო გეოდეზიური და გარემოსდაცვითი მონიტორინგი თანამედროვე წყალქვეშა სისტემებისა და ლიდარ დრონების გამოყენებით ხორციელდება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით ვითარდება - სახელმწიფო ქმნის და ფლობს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო პარტნიორები უზრუნველყოფენ ტერმინალების განვითარებასა და ოპერირებას. აღნიშნული მოდელი ქმნის კონკურენტულ გარემოს, ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორების ჩართვას, ტვირთნაკადების მოზიდვას და პორტის ეფექტიან ფუნქციონირებას.

საპორტო ინფრასტრუქტურის გარდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ქსელის, ახალი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობას.

ანაკლიის პორტში მიმდინარე სამუშაოებს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე და ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელი, ანაკლიის პროექტის დირექტორი ერიკ ბეიტსი გაეცნენ.