მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან გაწერეს და ციხეში გადაიყვანეს. "ვივამედის" კლინიკაში ექსპრეზიდენტმა 3 წელიწადი და 7 თვე გაატარა. დასკვნა ასეთია - "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა." რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი უკვე N12 პენიტენციურ დაწესებულებაშია, სწორედ რუსთავის ციხეში გააგრძელებს ის სასჯელის მოხდას, რაც 2034 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ექსპრეზიდენტის 5 საქმე და 4 საპატიმრო განაჩენი - უკვე მისჯილი 12 წლიდან, მას დარჩენილი აქვს კიდევ 9 წელი და კიდევ ერთი განაჩენი იმედის დარბევის საქმეზე. მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის ოქტომბერში საზღვრის უკანონო კვეთის შემდეგ დააკავეს, თუმცა მალევე ის ჯერ სამხედრო ჰოსპიტალში, მოგვიანებით კი კერძო კლინიკაში "ვივამედში" გადაიყვანეს. სწორედ "ვივამედის" კლინიკის დირექტორი ჩაწერა რამდენიმე წუთის წინ "კურიერმა."
როგორც სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მას გაეგრძელებინა სტაციონარის პირობებში მკურნალობა.
"პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა. ბოლო პერიოდში, საკმაოდ ნორმალურად და კარგად იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არანაირად არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მას გაეგრძელებინა სტაციონარის პირობებში მკურნალობა. სტაციონარულ მკურნალობას ნამდვილად აღარ ითხოვდა მისი მდგომარეობა, შესაბამისად, გაწერილ იქნა შესაბამისი ჩანაწერით, როგორც სხვა პაციენტების შემთხვევებში ხდება. ეცნობა ეს პენიტენციური სისტემის სპეციალურ სამსახურს და გადაიყვანეს კლინიკიდან," - განაცხადა ნინო ნადირაძემ "კურიერთან" საუბრისას.
