ავსტრალიაში, 25 წლის ბრიტანელ ტურისტს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რადგან ის ნასვამ მდგომარეობაში ელექტრო სკუტერით გადაადგილდებოდა და მამაკაცს შეეჯახა, რომელიც მოგვიანებით, ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა.

Dailymail-ის ინფორმაციით, 31 მაისს, 25 წლის ალისია კემპი 51 წლის მამაკაცს ელექტრო სკუტერით უკნიდან შეეჯახა.

შემთხვევის დროს, ქალს ავსტრალიაში დაშვებული ალკოჰოლის სამჯერ მეტი რაოდენობა ჰქონდა მიღებული და 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.

გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, ქალი ბარიდან გააგდეს, რადგან ის ძალიან ნასვამი იყო. ამის შემდეგ, მან მეგობართან ერთად სკუტერი იქირავა და მამაკაცს შეეჯახა. პოლიციის ცნობით, ქალი ალკოჰოლის მიღებას შეჯახების შემდეგაც აგრძელებდა.

მოსამართლე ვენდი ჰიუზმა 25 წლის ქალს, რომელიც პარასკევს, დასავლეთ ავსტრალიის პერტის რაიონულ სასამართლოში წარსდგა, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ივნისიდან მოხდილი დროის ჩათვლით. ამასთან, ქალს ორი წლით პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლება არ ექნება.