სატვირთო გემი, რომელსაც 3 000 ახალი ავტომობილი გადაჰქონდა, აშშ-ში, ალასკის სანაპიროსთან, ბორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ჩაიძირა. 

მედიის ცნობით, გემი, რომელსაც ავტომობილები მექსიკაში გადაჰქონდა, მას შემდეგ ჩაიძირა, რაც ეკიპაჟის წევრებმა ხანძრის ჩაქრობა ვერ შეძლეს და ბორტის დატოვება მოუწიათ.

გემის მფლობელმა კომპანია Zodiac Maritime-მა განაცხადა, რომ მათი გემი სახელად "Morning Midas" ორშაბათს, ალასკის ალეუტის კუნძულების ჯაჭვის საერთაშორისო წყლებში ჩაიძირა.

"ხილული დაბინძურება არ შეინიშნება", - განაცხადა ალიასკაში მოქმედმა აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა, ოფიცერმა კამერონ სნელმა. "ჩვენ ადგილზე ასევე გვყავს გემები, რათა ნებისმიერ დაბინძურებაზე რეაგირება მოახდინონ", - დასძინა მან.

სანაპირო დაცვის ცნობით, გემზე 350 ტონა დიზელის საწვავი და 1530 ტონა მაზუთი იყო.