ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დაადასტურა ირანის, ნატანზის ბირთვული ობიექტის დაზიანება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"ადრე ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ კომერციული თანამგზავრული ფოტოებით, როგორც ჩანს, აღბეჭდილია ირანის ბირთვულ ობიექტზე აშშ-ისრაელის საჰაერო კამპანიის დაწყების შემდეგ პირველი დარტყმები", - იუწყება მედია.

ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დაადასტურა, რომ ნატანზში, ირანის ბირთვული საწვავის გამდიდრების ქარხანას ზიანი მიადგა.

"უახლესი ხელმისაწვდომი თანამგზავრული ფოტოების საფუძველზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს ნატანზში, ირანის მიწისქვეშა, ბირთვული საწვავის გამდიდრების ქარხნის შესასვლელი შენობების დაზიანებას. რადიოლოგიური შედეგები არ არის მოსალოდნელი და დამატებითი ზემოქმედება თავად ქარხანაზე, რომელიც ივნისში კონფლიქტის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა, არ დაფიქსირებულა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.