ევროკომისიამ უარი თქვა უკრაინის მოთხოვნაზე, გამოეყო 220 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება იმ ფერმერებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ საპორტო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაზარალდნენ, - განაცხადა უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა ტარას ვისოცკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში.
მედიის ინფორმაციით, ევროკომისიის უარის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის სექტორი მაინც მიიღებს საჭირო მხარდაჭერას მსოფლიო ბანკისგან 250 მილიონი დოლარის ოდენობით, შეღავათიანი სესხის მეშვეობით.
დაფინანსება სექტორის დროებით სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს, თუმცა მინისტრმა ხაზი გაუსვა გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოძიების აუცილებლობას.
"ეს მოგვცემს შესაძლებლობას, მეტ-ნაკლებად, ახალ წლამდე გავძლოთ. თუმცა, უკვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა მოხდება გაზაფხულზე, ახალი წლის შემდეგ, რადგან სიტუაცია კრიტიკული რჩება", - თქვა ვისოცკიმ.
მან აღნიშნა, რომ აგვისტოში უკრაინამ ევროკავშირს სთხოვა, გაეზარდა ბიოეთანოლისა და შაქრის უბაჟო იმპორტის კვოტები 2027 წლისთვის, რითაც ევროკავშირში მოთხოვნადი ამ პროდუქტების მიწოდების გაზრდას ცდილობს.
მედიის ცნობით, თუ ყველაფერი შეუფერხებლად წარიმართა, უკრაინა სხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის კვოტების გაფართოების საკითხის დაყენებას გეგმავს.
ვისოცკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა არ ელის რუსეთთან ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადებას, რადგან მოსკოვმა ყველა ასეთი წინადადება უარყო.
პრემიერ-მინისტრმა სერჰი კორეცკიმ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს რუსეთთან ომზე მინიმუმ 155 მილიარდ დოლარს დახარჯავს. მან ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის ბიუჯეტის დეფიციტი 27 მილიარდ დოლარს შეადგენს.
