დამწვარი შენობები, ავტომობილები და 1200-ზე მეტი დაკავებული. საფრანგეთში საპროტესტო აქციები შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. დემონსტრანტებმა ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობის წინ ჯერ პოლიციის ავტომობილი დაწვეს, შემდეგ კი ნიღბიანმა პირებმა შენობის ფანჯრები ჩაამსხვრიეს, შიგნით შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს. სენტ ეტიენში ყუმბარის აფეთქების შედეგად კიდევ ერთმა ახალგაზრდამ ხელი დაკარგა. საყოველთაო აქციებში ასობით ათასი დემონსტრანტი მონაწილეობდა.

რიგ ქალაქებში იყო პოლიციასთან შეტაკებები. დაშავდა 150 პოლიციელი. მედიის ცნობით, დადასტურდა შენობებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისთვის ცეცხლის წაკიდების, ასევე მაღაზიების ძარცვის ფაქტებიც.

საფრანგეთის შრომის გენერალური კონფედერაცია გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ საპროტესტო გამოსვლების მორიგი ტალღა "მობილიზაციის პროცესის ახალი ეტაპია". ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ ხალხის მოთხოვნებს დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს - დათანხმდეს ხელფასებისა და პენსიების გაზრდას, ასევე აღადგინოს ქონების გადასახადი. ამასთან, 5 ნოემბერს საერთო ეროვნული გაფიცვა იგეგმება.

არეულობას ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონის თქმით, ქვეყანაში ძალადობის ადგილი არ არის. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს - მაკრონი ამბობს, რომ ისინი ვინც პრეფექტურებისა და ბიზნესობიექტების შენობები დააზიანეს და თავს დაესხნენ, ასევე გაძარცვეს მერიები, პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით მოეთხოვებათ და დაისჯებიან.