ოფიციალური მონაცემებით, ივნისის ბოლოს, ევროპის დასავლეთ ნაწილში მომხდარი რეკორდული სიცხის დროს, კონტინენტის ქვეყნებში, ჭარბი სიკვდილის 10 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი ქსელის, EuroMOMO-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აბსოლუტური უმრავლესობა - 9 000-ზე მეტი ადამიანი, 65 წლის ან უფრო მეტი ასაკის იყო.
როგორც მედია წერს, ექსტრემალურმა სიცხემ შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს სითბური დარტყმის ან გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების მდგომარეობის გაუარესების გამო. ხანდაზმული ადამიანები კი მეტად დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ.
"წელიწადის ამ დროს ასეთი ჭარბი რაოდენობა უჩვეულოა. ის მართლაც ძალიან მაღალია. ძნელია ჭარბი სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებლის ახსნა რაიმეთი, გარდა უკიდურესი სიცხისა", - განუცხადა Reuters-ს დანიის ვაქცინების ეროვნული ინსტიტუტის მთავარმა ექიმმა, ლასე ვესტერგაარდმა.
