ირანმა განაცხადა, რომ მზად არის, ჰორმუზის სრუტე ორი დღის განმავლობაში გახსნას, თუ აშშ მის პირობებს დათანხმდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ამ გეგმის ორ დღეში განხორციელების შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ირანის კეთილსინდისიერ მიდგომას.

"ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ ირანის მოთხოვნები დაკმაყოფილდება, შესაძლებელი იქნება ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების აღდგენა და მოკლე დროში მოლაპარაკებების პროცესის განახლება“, - დასძინა მან.

ბაღაის თქმით, აშშ-სთან შუამავლების მეშვეობით შეტყობინებების გაცვლა კვლავ გრძელდება და ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული - კერძოდ, დათანხმდება თუ არა ვაშინგტონი ირანის მოთხოვნებს.

"მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი შემდგომი ეტაპების განხილვა“, - განმარტა მან.

თეირანის მოთხოვნებს შორისაა ყველა ფრონტზე ომის დასრულება, საზღვარგარეთ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვა, ირანის ნავთობის სექტორზე დაწესებული სანქციების მოხსნა და ირანის პორტების წინააღმდეგ აშშ-ის საზღვაო ბლოკადის შეწყვეტა.