ირანის პრეზიდენტმა, მოჯთაბა ხამენეისთან 2.5-საათიანი შეხვედრის გამართვის შესახებ განაცხადა, რაც ირანის მაღალჩინოსანსა და ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერს შორის პირველი პირისპირ შეხვედრაა, - ამის შესახებ CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ხამენეისთან ბოლო შეხვედრის აღწერისას ახსენა "ქვეყნის მმართველ სტრუქტურაში ერთიანობის, ნდობისა და სოლიდარობის გაძლიერების" აუცილებლობა. ამასთან, მედიას არ დაუკონკრეტებია, როდის შედგა ორ ირანელ მაღალჩინოსანს შორის შეხვედრა.

პეზეშკიანის თქმით, ხამენეიმ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო "თავმდაბლობის, გულწრფელობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით, რამაც შექმნა სრულიად სპონტანური, ღია ატმოსფერო, რომელსაც თან ახლდა სიახლოვისა და ნდობის განცდა".

"როდესაც ქვეყნის უზენაესი ლიდერი ხალხთან და თანამდებობის პირებთან ასეთი ეთიკით, თავმდაბლობითა და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომით ურთიერთობს, ეს ქცევა ბუნებრივად შეიძლება ქვეყნის ადმინისტრაციული და მართვის სისტემისთვის სამაგალითო მოდელად იქცეს", - ციტირებს ირანის პრეზიდენტის სიტყვებს მედია.

ცნობისთვის, ხამენეი ინაუგურაციის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა და მედიაში მხოლოდ მისი ხელნაწერი წერილების შინაარსი საჯაროდვება, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის შესახებ სხვადასხვა ეჭვების საფუძველს აჩენს.