საპროტესტო აქციების ფონზე, საფრანგეთში პიროტექნიკის გაყიდვა დროებით აიკრძალა. მედიის ცნობით, მთავრობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საპროტესტო აქციების დროს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი და მასწავლებელი სხვა პირებთან ერთად ფეიერვერკის გასროლის შედეგად დაშავდნენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, პიროტექნიკის გაყიდვა 27 ნოემბრამდე აკრძალა. აკრძალვა ვრცელდება F2 და F3 კატეგორიის ფეიერვერკებზე. F4 კატეგორიის ნაწარმი კი კვლავ მხოლოდ პროფესიონალი პიროტექნიკოსებისთვის არის ხელმისაწვდომი.
"ეს საშუალებები უკვე აღარ გამოიყენება გასართობად - ისინი ადამიანების დასაზიანებლად გამოიყენება. შეკრებისა და პროტესტის უფლება გარანტირებულია, მაგრამ ადამიანებისთვის ზიანის მიყენების უფლება არ არსებობს. ლიცეუმების წინ, ზოგჯერ კი უშუალოდ სკოლის ტერიტორიაზეც, ფეიერვერკებს ადამიანების სიმაღლეზე ისვრიან - პოლიციელებისა და ჟანდარმერიის თანამშრომლების, ეროვნული განათლების სისტემის პერსონალისა და თავად მოსწავლეების მიმართულებით", - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, საფრანგეთში უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. პროტესტი სტუდენტურმა აქციებმა გამოიწვია, რომლებიც სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. სტუდენტები გადატვირთულ საკლასო ოთახებს, მასწავლებელთა დეფიციტსა და უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებდნენ. მოგვიანებით საპროტესტო მოძრაობამ უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. პროფკავშირები სტუდენტების მოთხოვნებს შეუერთდნენ და ქუჩებში ცხოვრების გაძვირებით გამოწვეული კრიზისისა და საწვავზე ფასების ზრდის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ.
