ნარკოტიკული ნივთიერებს მეტამფეტამინის პოტენციურად სასიკვდილო დოზა აღმოაჩინეს ტკბილეულობის პარტიაში, რომელიც ამანათების სახით დარიგდა.
ფაქტი ახალ ზელანდიაში მოხდა. ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. ოთხშაბათს, ახალი ზელანდიის საქველმოქმედო ორგანიზაციამ საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელიც მათ მიერ შეკრებილ ამანათებში მოთავსებულ "ამფეტამინიან" შოკოლადებს ეხებოდა.
ოკლენდის საქალაქო მისიამ, რომელიც უსახლკაროების მიმართულებით მუშაობს, განაცხადა, რომ შოკოლადები ქალაქის ერთ-ერთმა ანონიმურმა მცხოვრებმა მიიტანა ორგანიზაციაში. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ორგანიზაციის ერთ-ერთ კლიენტს შოკოლადის გემო უცნაურად მოეჩვენა. ახალი ზელანდიის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი აცხადებს, რომ შოკოლადი შეიცავდა სამ გრამამდე ამფეტამინს, რაც სამასჯერ აღემატება ჩვეულებრივ დოზას და ლეტალურ შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი. ახალი ზელანდიის პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.