ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის თორმეტი წევრი დააკავა. საუბარია ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე.

გამოძიების ინფორმაციით, სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი, გარკვეული პირების დახმარებით, მოტყუებით სააგენტოსგან გრანტებს იღებდა. სქემაში ჩართული იყო კიდევ ერთი რგოლი, რამდენიმე კომპანია, საიდანაც მათ ტექნიკა უნდა ეყიდათ, რეალურად კი ეს კომპანიები მათ ყალბ ინვოისებს უმზადებდნენ. ჯგუფმა სახელმწიფოსგან 8 გრანტი მიიღო, ჯამში 827 ათასამდე ლარი.

"სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აიპის სოფლის განვითარების სააგენტო, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, ფიზიკურ პირებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს აფინანსებდა არა უმეტეს 150 ათასი ლარის ოდენობით. გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული, სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ლ.დ. რომელიც ინფორმირებული იყო ზემოაღნიშნული პროგრამის შესახებ, სახელმწიფოს თანხის დიდი ოდენობით მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაუკავშირდა ფიზიკურ პირებს. ბრალდებულების მიერ, ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, 8 შემთხვევაში სახელმწიფოსგან მოტყუებით მიღებული იქნა გრანტი - ჯამში 826 ათას 815 ლარის ოდენობით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირის დადგენა-მხილების მიზნით," - ამბობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, ია ახალაია.