ავსტრალიაში, 21 წლის მამაკაცი “სასიკვდილო ნახტომის” შესრულებას და მსოფლიო რეკორდის დამყარებას გეგმავდა, თუმცა ჩანაფიქრი უმძიმესი ტრავმებით დასრულდა.

Dailymail-ის ინფორმაციით, 21 წლის ვალი გრეჰემმა, ახალი სამხრეთ უელსის ცისფერ მთებში მდებარე 42.5 მეტრის სიმაღლის “მინეჰაჰას” ჩანჩქერიდან გადახტომის შემდეგ, თავის ქალის მოტეხილობა მიიღო და ორი უმძიმესი ოპერაციის გადატანა მოუწია. ახალგაზრდა რეაბილიტაციას გადის.

დარტყმის შედეგად, გრეჰემმა გონება დაკარგა, თავის ქალის და ზურგის მოტეხილობა მიიღო, ტვინის შერყევა დაემართა და ე.წ. ყურის ბარაბნები გაუსკდა.

კასკადიორს ჩანჩქერის ძირში დამკვირვებელთა ჯგუფი ელოდებოდა, რომლებმაც ის წყლიდან ამოიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცი წყალშივე მოვიდა გონს და მაშველების დახმარებით ნაპირზე გასვლა შეძლო. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მას სასწრაფო ოპერაციები ჩაუტარდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, კასკადიორმა თავის გამომწერებს ახალი ინფორმაცია მიაწოდა და აუხსნა, რომ საბოლოოდ კარგად იქნებოდა.