გორში მომხდარ ძალადობის ფაქტზე დაკავებული ექვსი პოლიციელი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოლოდინშია.
სასამართლო პროცესი 1 საათში დაიწყება. დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ.
დაკავებული პოლიციელის ადვოკატის, ნოდარ ცინცაძის განცხადებით, ჩანაწერის მიხედვით, საპატრულო პოლიციის ეკიპირებით მყოფი პირებისგან ძალადობა არ იკვეთება.
"ასე აღვიქვი, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპირებით მყოფი პირებისგან ძალადობა არ იკვეთება ამ ჩანაწერის მიხედვით. თუმცა, მე არ ვიცი, ეს იყო სრული ჩანაწერი, თუ გარკვეული ფრაგმენტი. რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, მე არ ვიცნობ, ვინაიდან მას არ შევხვედრივარ ჯერჯერობით. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას სასამართლოზე, ეს იქნება მას შემდეგ, რაც საქმის მასალებს გავეცნობი", - განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.
პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 27 მაისს გორში, დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით, გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შეილახა დაზარალებულის უფლებები და ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას. პაპუნა ლოცულაშვილი გვიან ღამით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სახლიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. ამ დრომდე გორის ჰოსპიტალში რჩება პოლიციელიც, რომელსაც ფიზიკური დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
