უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი და ამჟამად დიდი ბრიტანეთის ელჩი ვალერი ზალუჟნი, კიევში გამოიძახეს, სადაც ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუ ის შემოდგომაზე ჩატარდებოდა.

უკრაინის ელჩი ლონდონიდან კიევში პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერი გადადგომამდე გამოიძახეს.

ზელენსკიმ და ელჩმა ზალუჟნიმ გასული კვირის დასაწყისში გამართული პირისპირ შეხვედრის პირველი ნაწილი ლონდონში არსებული ვითარებისა და უკრაინულ-ბრიტანულ ურთიერთობებზე მისი შესაძლო გავლენის განხილვას დაუთმეს.

შეხვედრის ორივე მონაწილესთან დაახლოებული წყაროების ცნობით, მედიისთვის ცნობილი ხდება, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების თემა წამოწია.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტზე ვითარება ბოლო დროს დადებითად ვითარდება, საზოგადოება საკმაოდ კონსოლიდირებული რჩება და, შესაბამისად, გაიხსნა არჩევნების ჩატარების შესაძლებლობათა ფანჯარა - თუმცა მისივე თქმით მთავარი ამოცანაა, ის ისე ჩატარდეს, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს ახალი შიდა განხეთქილება.

ეს, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა ნიშნავს იმ რისკების თავიდან აცილებას, რაც ზელენსკისა და ზალუჟნის დაპირისპირებას მოჰყვებოდა.

„უკრაინსკა პრავდას“ წყაროების თანახმად, ზელენსკიმ ზალუჟნის საბოლოოდ პირდაპირი კითხვა დაუსვა, აპირებდა თუ არა კენჭისყრას შემოდგომის არჩევნებზე, რაზეც ზალუჟნისგან მკაფიო პასუხი მიიღო, რომ ის კენჭს იყრიდა.

წყაროების ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად იყო განეხილა არა მხოლოდ დიპლომატიური პოზიციები, არამედ პრაქტიკულად ნებისმიერი სამთავრობო პოზიცია, მათ შორის მთავრობის მეთაურის თანამდებობა და სხვა შესაძლო შეთავაზებები. ზალუჟნიმ, თავის მხრივ, საკუთარი პოზიციის ახსნა სცადა და განაცხადა, რომ მას პოლიტიკური კარიერა არასდროს უნდოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანი მასზე იმედებს ამყარებს და მან არ იცის, რატომ უნდა უგულებელყოს მათი ნდობა. ზელენსკი და ზალუჟნი ხელის ჩამორთმევით დაშორდნენ.

კიევში ყოფნისას ზალუჟნი ასევე შეხვდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს და „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარეს, დავით არახამიას.

მათ პრაქტიკულად იგივე არგუმენტები გაიმეორეს: საზოგადოების გახლეჩვის პოტენციალი, ზედმეტად დაძაბული კამპანიის საფრთხე და სახელმწიფოებრივი რისკები.
ზალუჟნის პასუხიც უცვლელი დარჩა.

ამის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომლაპარაკეებლებმა დამშვიდობებისას სთხოვეს ზალუჟნის, რომ კარგად დაფიქრებულიყო.