თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემაა. მისივე თქმით, ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ უღმერთოები და ურწმუნოები არ არიან და არ ცდილობს ამ მოედანზე შევიდეს. ეს განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გააკეთა. "ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის მხრიდან ეკლესიის თემით სპეკულირებაზე და ანტიქართულ დამოკიდებულებებზე საუბრობენ.

"სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, აქაც რაღაცნაირად ერთობლივი მესიჯის პრობლემაც შეიძლება არის ხოლმე, რომ ჩვენ არ ვცდილობთ ამ მოედანზე შევიდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, არა, მე არ ვარ უღმერთო და ურწმუნო, ნამდვილად, ეკლესიაშიც დავდივარ, აღსარებასაც ამბობ, მამაოც შეიძლება გყავდეს, კონკრეტული ეკლესიის მრევლიც იყო და არანაირად არ უნდა მისცე საშუალება მართლა უღმერთო, ყოველგვარი სულიერებისგან და ღმერთისგან დაცლილ, ჩემი აზრით, კერპთაყვანისმცელობისკენ მიდრეკილ ივანიშვილს, რომელიც ხეებში, ქვებში და ათასგვარ ურჯულობაში პოულობს შვებას, მოახდინოს ისეთი რაღაცების მონოპოლიზება, რაც ჩვენთვის მართლა ძვირფასია.

შეიძლება, ძალიან პირადია და ჩვენ ამის აფიშირება არ გვინდა, მაგრამ მაშინ, როდესაც ასეთ მონსტრს ებრძვი და ის ცდილობს, ასეთი თემების მანიპულირებით, ამაზე პარაზიტირებით გაიძლიეროს, გაიმაგროს ხელისუფლება, რათა შემდეგ დაიმონოს მთელი ქვეყანა, შენც გიწევს, ახლა თუ პოლიტიკოსი ხარ და საჯარო სივრცეში გიწევს ოპერირება, კი, ჩვენც უნდა შევიდეთ, ოღონდ სიმართლე ვთქვათ მათგან განსხვავებით", – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.