თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდებული სამი არასრულწლოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო.
გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს - ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14- 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, დემეტრე ჩიქოვანს კი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ შესაბამისად, ალექსანდრე გაბაშვილი - 10 წელსა და 6 თვეს, დემეტრე ჩიქოვანი - 6 წელსა და 9 თვეს, გიორგი რიკაძე - 10 წელსა და 6 თვეს მოიხდიან.
სასჯელის განსაზღვრის სხდომას ალექსანდრე გაბაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი ესწრებოდნენ, მსჯავრდებულებმა დუმილის უფლებით ისარგებლეს.
გიორგი რიკაძემ კი სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.
როგორც განაჩენის გამოცხადებამდე საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განმარტა, მოსამართლე ვალდებული იყო, შეფარდებული სასჯელი ერთი მეოთხედით შეემცირებინა, ვინაიდან ისინი დანაშაულის ჩადენის დროს არასრულწლოვნები იყვნენ, ამიტომ, საბოლოოდ, დანიშნული სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთას.
