"ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ გორდულაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც სუს-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა.

კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ექსპრემიერის დაკავებას, გორდულაძემ უპასუხა, რომ მას არ აქვს საქმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და უნდა დაველოდოთ მიმდინარე გამოძიების შედეგებს.

"მძიმეა ამ საკითხზე საუბარი კონკრეტული ადამიანიდან გამომდინარე. ეს ადამიანი ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო არაერთი წლის განმავლობაში და აღიარებითი ჩვენებაც მძიმე საკითხია ნამდვილად. ამავდროულად, ეს სამართლებრივი საკითხია და, შესაბამისად, ვერავინ ვერ გასცემს თქვენს კითხვაზე პასუხს, გარდა სამართალდამცავი ორგანოებისა. შეუძლებელია, რომ პარლამენტის წევრებს გვქონდეს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე ეს არის საჯაროდ ცნობილი. რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩვენ უნდა დაველოდოთ მიმდინარე პროცესს და მივიღოთ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია, მეტი დეტალი," - აღნიშნა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძის თქმით, "ქართული ოცნების" მიდგომა კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით უმკაცრესია.

"როდესაც საქმე ეხება კორუფციას და შესაძლო კორუფციულ დანაშაულს, ჩვენი გუნდის მიდგომა იქნება და არის უმკაცრესი. ეს არის ისეთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში. პარტიის მოქმედი თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამ საკითხს სვამდა არაერთი დღის და თვის განმავლობაში. ჩვენი გუნდი ერთიანია იმასთან დაკავშირებით, რომ ინდულგენცია ვერ იქნება ვერანაირი პოზიცია, თანამდებობა, პროფესია და კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორები," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.