საკონსტიტუციო სასამართლოს კითხვებს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია პასუხობს. ერთ-ერთი ძირითად მიმართულება, რომელზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები ყურადღებას ამახვილებენ 4 ოქტომბრის მოვლენებია.
მოსამართლეების კითხვის საპასუხოდ კი, გვარამია აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს დემონსტრაცია, როგორც ძალადობრივი აქცია, ისე არ იყო დაანონსებული და მან ინციდენტური ძალადობის სახე მიიღო.
"აქციაზე ყოფნა ხომ არ ნიშნავს რაღაცაში მონაწილეობას, სახელმწიფო გადატრიალებად თუ კონსტიტუციური წყობილების დამხობად - ასეთი დამოკიდებულება ამ აქციისადმი არ გვქონია.
ჩვენ ვთქვით, რომ ვისაც უნდა, ის დაესწრება [აქციას], ეს იყო პარტიული გადაწყვეტილება. ოღონდ ეს აქცია ძალადობრივი არ იყო, ეს აქცია ასე არასდროს გამოცხადებულა.
ადამიანები მონაწილეობას მიიღებენ თუ არა აქციაში, რომელიც მშვიდობიანია, ერთი საკითხია, თუ ის გადაიზრდება ძალადობაში და ამ ძალადობაში ჩაერთვებიან თუ არა - ეს მეორე საკითხია...
დაანონსებული არ იყო იგი, როგორც ძალადობრივი აქცია, ამიტომ მასში მონაწილეობის მიღება, ნამდვილად არ აჩენდა იმ სივრცეს, რომ ადამიანი იღებდა მონაწილეობას ძალადობრივ აქციაში. ნებისმიერ შემთხვევაში, მოგვიანებით ამგვარი განვითარება, უკვე ინციდენტური ძალადობაა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის უცნობია ის რა გეგმის ნაწილი იყო", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
