ლიბერალური ფაშიზმი და ბულინგი - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება გიორგი შერმადინის გამოსამშვიდობებელი სიტყვის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე.

ქართველმა კალათბურთელმა სანაკრებო კარიერის ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ სპორტის მხარდაჭერისთვის მადლობა სახელმწიფოს და პრემიერ-მინისტრს გადაუხადა, რასაც დარბაზში რამდენიმე პირის მხრიდან შეძახილი, სოციალურ ქსელებში კი ბულინგი მოყვა.

კრიტიკას ოპოზიციის ნაწილი ლეგიტიმურად მიიჩნევს, "ქართული ოცნება" კი მათ რადიკალურ ქმედებებზე საუბრობს.

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ეს არის "უსამშობლოების მართული პროცესი".

"ეს არის კარგად ორგანიზებული, უსამშობლოების ქმედება ხელისუფლების წინააღმდეგ. რა უნდა ქნა? - ვერაფერს იზამ, ჩვენ გვებრალება ასეთი ადამიანები, ვისაც არაფერზე პასუხი არ აქვთ. რა უნდა ვთქვათ? ჩვენ უბრალოდ გვეცოდება ასეთი ხალხი," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.