დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, უკრაინიდან საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირების ფაქტი, რომელშიც მეზობელი სახელმწიფოს სპეცსამსახურები ფიგურირებენ, ძალიან მძიმე ფაქტია და კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მტერი არ ისვენებს.
როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ყველანაირად ცდილობენ, ქვეყანაში როგორმე მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება და სისხლისღვრა.
"ძალიან მძიმე ფაქტია. ის აღიარებითი ჩვენებები, რაც მოპოვებულია, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მტერი არ ისვენებს, ყველანაირი მცდელობა აქვთ, რომ ქვეყანაში როგორმე მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, სისხლისღვრა, რევოლუცია და ხალხის დაპირისპირება.
მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თითოეულ თანამშრომელს, ამ პრევენციული ღონისძიებებისთვის.
როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, ამიტომ დაველოდოთ. რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე ფაქტი, როდესაც ამ ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე", - განაცხადა თბილისის მერმა.