თბილისის მერის, მერობის კანდიდატის "ქართული ოცნებიდან", კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებობენ ძალადობრივი დაჯგუფებები, რომელთაც "გარედან შემოსული დაფინანსებებით" ახალისებენ. "ამის ნაწილია ევროკავშირის ელჩიც", - ამბობს კახა კალაძე.
"ეს ადამიანები წამხალისებლები არიან იმ ექსტრემიზმის, იმ ძალადობრივ დაჯგუფებების, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს. პირდაპირ აფინანსებენ, არც ერიდებიან, არც მხარდაჭერის გამოხატვის ერიდებათ, ამის ნაწილია ევროკავშირის ელჩიც - იმ ძალადობრივი დაჯგუფების, რომელიც შექმნილია მათივე დაფინანსებით და მხარდაჭერით. რა თქმა უნდა, ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთილია, აქ დიპლომატია და დიპლომატიური ურთიერთობები არაფერ შუაში არ არის. მისი ქმედებები ყველანაირი წითელ ხაზს კვეთს, როდესაც საქმე ეხება საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, დაპირისპირებას და ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება, ყველაფერი იმართება გარედან, გარედან შემოდის დაფინანსებები, გარედან ხდება ძალადობრივი დაჯგუფებების წახალისება, საზოგადოების გახლეჩის მცდელობა და ა.შ.", - განაცხადა კახა კალაძემ.