"კურიერმა" მოიპოვა ჩვენება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელს "ჰექსოგენის" საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა მისცა. ჩვენებით დასტურდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უკრაინის სპეცსამსახურებმა გამოაგზავნეს. სახელდება კონკრეტული სახელი და გვარი - ესბეუ-ს წარმომადგენელი ვლადიმერ სტადნიკი.

დაკავებული პირი ამტკიცებს, რომ კიევში შეხვედრამდე და ასაფეთქებელი ავტომანქანაში დამაგრებამდე არ იცნობდა უკრაინის სპეცსამსახურების არცერთ წარმომადგენელს. ასევე ამტკიცებს, რომ ნივთიერება რუსეთში, "ობობას ქსელი 2" - ის მოსაწყობად იყო განკუთვნილი, თუმცა, როგორც უწყებაში უკვე განაცხადეს, ამაზე არცერთი სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

ფაქტია, რომ უკრაინის სპეცსამსახურების მიერ საქართველოში გამოგზავნილი ჰექსოგენის ბოლო გაჩერება თბილისი, ავლაბრის ტერიტორია იყო. ასევე ფაქტია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალების მტკიცება, თითქოს ქართული სპეცსამსახურები აბრალებდნენ უკრაინელ კოლეგებს ჰექსოგენის საქართველოში გამოგზავნას - ტყუილია. ეს ფაქტი თავად ასაფეთქებელი ნივთიერების შემომტანმა დაადასტურა.

საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის, მიხაილო სკრუპსკის რამდენიმეგვერდიანი ჩვენებიდან არაერთი გარემოება იკვეთება. ჩვენებით დასტურდება, რომ "ჰექსოგენი" საქართველოში, 4 ქვეყნის გავლით, უკრაინის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა გამოგზავნეს.

ცნობილია იმ პირის ვინაობაც, რომელმაც ტროტილზე ორჯერ უფრო ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცა მძღოლს - ის გახლავთ ვლადიმერ სტადნიკი. ჩვენების ავტორი თავად ადასტურებს, რომ  მას ეს ნივთიერება გადასცა უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომელმა.